საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ურთიერთობა 2019 წლის დასაწყისში პროფესიული განათლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევებით დაიწყო.
არაკონკურენტული გარემო, პროფესიული განათლების დაფინანსების არასამართლიანი მოდელი, საგანმანათლებლო ჩიხები, სწავლის პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურში პროფესიულ სტუდენტთა გაწვევა, უცხო ქვეყნების არაავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების ე.წ. “წარმომადგენლობების” ფუნქციონირება ქვეყანაში, „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონპროექტის განხილვა – ეს გახლდათ საკითხები, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოლაპარაკებების, თანამშრომლობისა და ცალკეულ შემთხვევაში უკმაყოფილებისა და ვნებათაღელვის საგანი გახდა.
ასოციაციის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა უშუალოდ შეხვედროდნენ განათლების სისტემის პირველ პირებს და ემსჯელათ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობდა ზოგადად, პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებას, ასევე პროფესიული განათლების კერძო პროვაიდერების წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრას.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს პროფესიული განათლების შესახებ კანონის მიღება, რომელსაც წინ უსწრებდა მრავალი შეხვედრა, ვნებათაღელვა და საბოლოოდ 2019 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო აღნიშნული კანონი, რითაც საფუძველი დაედო მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას და ევროპულ სივრცესთან დაახლოვებას.
2019 წელი გამოირჩეოდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან პროფესიულ განათლებაში არაკონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისა და საგანმანათლებლო ჩიხების აღმოფხვრის ინტენსიური მოლაპარაკებების პერიოდად, რაც თანამშრომლობის წარმატებით გადაწყვეტას შეუწყო ხელი. ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარება, დარგობრივი და პროფესიული სტანტარტების ჩამოყალიბება გახლდათ დაფინანსების მოდელის და არაკონკურენტული გარემოს შემცირების წინაპირობა. 2020 წლის მარტში პროფესიულ განათლებაში საგაზაფხულო და საშემოდგომო მიღების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო პროფესიულ განათლებაში ერთიანი სივრცის შექმნას და 2020 წლის ოტომბერში პირველად კერძო პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს მონაწილეობა სტუდენტთა ერთიანი მიღების პროცესში, რაც გახდა კერძო პროფესიული დაწესებულებების ვაუჩერული დაფინანსების საფუძველი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ინტეგრირებული პროგრამების შემოღება. ინტეგრირებული პროგრამები საბაზო განათლების მქონე აპლიკანტებს შესაძლებლობას აძლევს, პროფესიული განათლების მიღების პარალელურად დაეუფლონ სრულ ზოგად განათლებას.
სამწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავებულები პროფესიის დამადასტურებელ დიპლომთან ერთად მიიღებენ ატესტატთან გათანაბრებულ დიპლომსაც. ეს პროგრამები კი ხელს უწყობს პირის მიერ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობებს.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში პროფესიულ სტუდენტთა გაწვევა მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა, რაც სრულიად არაპროგნოზირებად მოვლენად იქცა სისტემისათვის და განსაკუთრებით კერძო საგანმანათლებლო პროვაიდერებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ კერძო კოლეჯების ასოციაციის ძალისხმევა ამ საკითხის გადაჭრაში უმნიშვნელოვანესი და ძალზედ დიდია. საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის ოქტომბერში მიიღო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები. სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პროფესიული განათლებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ, სასურველ პროგრამაზე სწავლა დაასრულონ, კონკრეტული საქმის სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ და სწორედ ამის შემდეგ დაიწყონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.
თამარ ქიტიაშვილი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, მინისტრის მოადგილე): აღნიშნავს, რომ „ სიახლე დადებითად აისახება პროფესიული განათლების სისტემაზე, ვინაიდან ის გახდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი. სურვილის მიუხედავად, ბევრი ვაჟი ვერ ახერხებდა განათლების მიღებას იმ მიზეზით, რომ პროფესიულ სასწავლებელში სწავლის პერიოდში იღებდა გაწვევას და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსახდელად სწავლის შეწყეტა უხდებოდა.
2019 და 2020 წლები განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის. კოვიდ ინფექციის გავრცელებამ და საერთო ეპიდემიოლოგიურმა მდგომარეობამ გაუთვალისწინებელი გამოწვევების წინაშე დააყენა საგანმანათლებლო სივრცე, თუმცა ქვეყნის ხელმძღვანელობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით არც ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ გაჩერებულა, პირიქით შეიქმნა დისტანციური სწავლების ფორმები, რამაც ერთის მხრივ არ ჩაშალა ერთიანი სწავლების პროცესი და მეორეს მხრივ სასწავლებლებში დაინერგა დისტანციური მართვის და სწავლების უახლესი ტექნოლოგიები, რასაც დღეს დაწესებულებები აქტიურად იყენებენ.
გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განიხილა პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა „პროფესიული განთლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის“ პროექტი
2019 წლის დეკემბერში პროექტის განხილვა გაიმართა, რომელშიც კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრი კოლეჯების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები იღებდნენ მონაწილეობას.
2020 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) ერთად, პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმები განიხილა და შეიმუშავა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია (2017-2021 წწ.) სწორედ, პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმების საჭიროებაზე მიუთითებს, რამაც თავის მხრივ, მთელი ცხოვრების მანძილზე პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, დაფინანსების ახალი მექანიზმები, საერთაშორისო კარგ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების პოპულარობას. იგი ერთი მხრივ ორიენტირებულია იმაზე, რომ განვითარდეს პროფესიული სასწავლო დაწესებულებები, დაიხვეწოს სწავლა/სწავლების ხარისხი, კოლეჯები გახდეს საერთაშორისო სტანდარტზე ორიენტირებული, მეორეს მხრივ კი, მოდელი ფოკუსირდება ინდივიდზე, ითვალისწინებს სტუდენტის საჭიროებებს და მას დამატებით სერვისებს სთავაზობს, მათ შორის აღმოფხვრის სწავლის პროცესში უთანასწორობას. მოდელი ასევე გულისხმობს დაწესებულების წარმატების წახალისებასაც კერძოდ, კოლეჯი, რომელსაც აქვს მიღწევები, კარგად ოპერირებს, მასზე დამატებითი დაფინანსება გაიცემა.
დასკვნით ღონისძიებაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს ახალი მოდელი, შევთანხმდნენ საბოლოო ვარიანტზე, რომელიც 2021 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო.
2020 წლის ოქტომბერში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ვიზიტმა HR სახლში სათავე დაუდო ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც გაგრძელდება უფრო მასშტაბური სამუშაო შეხვედრების სახით. პარტნიორობის შედეგად გაიზრდება HR პროფესიონალების როლი პროფესიულ განათლებაში, რაც ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულთა დასაქმებას.
2021 წელს საქართველოში პროფესიული განათლებისა და პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ამოქმედდება. ახალ პროგრამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა და პროექტის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.
5 წლიანი პროგრამა მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და დასაქმებას შორის კავშირის დამყარებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებასა და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის (IESC) მიერ კერძო სექტორთან თანამშრომლობით შემუშავებული პროგრამა დაეხმარება სტუდენტებს, პროფესიონალებსა და დასაქმების მაძიებლებს, განივითარონ დასაქმებისთვის საჭირო უნარები და გახდნენ მოთხოვნადი შრომის ბაზარზე.
პროფესიულ განათლებაში რეფორმები სწრაფად ვითარდება. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები კერძო პროვაიდერებისთვის ქმნის ახალ შესაძლებლობებს გააუმჯობესონ დაწესებულების მართვისა და სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები. ჩამოაყალიბონ სტაბილური პარტნიორული ურთიერთობები სხვა სასწავლო დაწესებულებებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც.